LIVE

Silicon Valley-ის უმდიდრესი რუსი პუტინისგან ძალიან ფრთხილად დისტანცირდება

23 მარ 202222:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
Silicon Valley-ის უმდიდრესი რუსი პუტინისგან ძალიან ფრთხილად დისტანცირდება

2010-იანი წლების დასაწყისიდან, იური მილნერის შატოში დაპატიჟების მიღება ნიშნავს, რომ Silicon Valley-ის ექსკლუზიურ წრეებში შეაღწიე. ის ცნობილია ძალიან მომგებიანი ფსონებით ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Airbnb-ი, Alibaba, Twitter-ი და Facebook-ი. 

მილნერი ასევე უაღრესად მდიდარი რუსია, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის კარიერა მეტალის მაგნატის და ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალიშერ უსმანოვის დახმარებით დაიწყო. თუმცა, მილნერის ნაცნობების თქმით, ის პუტინის მომხრე ოლიგარქთან კავშირს უარყოფს.

მილნერის ბიზნესი, ტექნოლოგიურ კომპანიებში ადრეული ეტაპის ინვესტიციები, შორს არის რუსი ოლიგარქების სამყაროსთან, რომლებიც სახელმწიფო აქტივების უდაბლესი ფასით შეძენით გამდიდრდნენ. თუმცა, ფული მან უსმანოვისგან და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი VTB Bank-ისგან დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს მიიღო, როცა ობამას ადმინისტრაცია რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვას“ ცდილობდა.

მაგრამ ახლა, როცა პუტინის არმია უკრაინის ქალაქებს ბომბავს და უსმანოვი და VTB სანქცირებულების სიაში არიან, მილნერი თავის დაცვას ცდილობს.

"არ შემიძლია უკან დაბრუნება და ისტორიის შეცვლა. ვერ შევცვლი იმ ფაქტს, რომ რუსეთში დავიბადე. ვერ შევცვლი იმ ფაქტს, რომ ჩვენ რუსული დაფინანსება  გვქონდა",- განაცხადა მილნერმა Bloomberg Businessweek-თან Zoom-ში რამდენიმე საათიანი ინტერვიუს დროს.

მილნერის არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Breakthrough Prize Foundation-მა და მისმა ვენჩურული კაპიტალის ფირმამ, DST Global-მა გაავრცელეს განცხადებები, სადაც გმობდნენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მილნერმა და მისმა ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული ძალისხმევის დასაფინანსებლად $14,5 მილიონის გაღების პირობაც დადეს.

მიუხედავად ამისა, თავად მილნერი უკრაინის ომზე საუბრისას ფრთხილობს. ის პუტინზე აზრის გამოთქმისგან თავს იკავებს. ამის ნაცვლად იმოწმებს მისი ორგანიზაციების განცხადებებს და ომს „სამწუხარო ტრაგედიას“ უწოდებს.

”მე სრულად ვდგავარ DST Global-ისა და Breakthrough Prize Foundation-ის განცხადებების უკან”,- ამბობს ის.

მილნერი, რომელიც Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $3.9 მილიარდიან ქონებას ფლობს, რთულ სიტუაციაში ცდილობს ნავიგაციას. Silicon Valley-ის საეჭვო სახსრების მიღების გრძელი ისტორია აქვს, მათ შორის საუდის არაბეთისგანაც. მიუხედავად ამისა, როგორც University of California-ს პროფესორი აიაკო იასუდა ამბობს, უკრაინაში ომმა დასავლეთი გააძლიერა.

„სტარტაპებს ნამდვილად აქვთ რეალური მიზეზები, რომ DST-დან დაფინანსების მიღებაზე იღელვონ“,- ამბობს იასუდა.

არსებობს რისკი, რომ მილნერი შესაძლოა, პუტინთან ასოცირების გამო დაზიანდეს, რაც ანტერპრენერების მხრიდან მილნერის წვეულებების მოწვევებზე და DST-ს დაფინანსების შეთავაზებებზე უარის თქმას გამოიწვევს. ინვესტორებმა ასევე შეიძლება უარი თქვან ფირმასთან თანამშრომლობაზე. ასევე, შეიძლება დარტყმა მიიღოს მილნერის საქველმოქმედო საქმიანობამაც. კერძოდ, მისმა Breakthrough Prize-მა, რომელიც სამეცნიერო მიღწევებს აჯილდოებს. თუმცა, მილნერი ამ რისკებს სათანადოდ არ აფასებს.

მილნერმა Breakthrough Prize-ში ქონების დაგროვების შემდეგ $300 მილიონი ჩადო, მან ასევე $75 მილიონზე მეტი გამოყო არამიწიერი სიცოცხლის ძიების დასაფინანსებლად. 2013 წელს მილნერმა ინვესტიციები ჩადო თანამგზავრულ კომპანია Planet Labs PBC-ში და ილონ მასკის სარაკეტო კომპანია SpaceX-ში. ის ამბობს, რომ მისი ინვესტიცია SpaceX-ში დაახლოებით $10 მილიონი იყო. მან თავისი პოზიცია ორი წლის შემდეგ $23,56 მილიონად გაყიდა.

გარდა Breakthrough Listen-ისა, რომელიც უცხოპლანეტელებისგან კომუნიკაციის მცდელობებს ეძებს, მილნერმა ასევე დააფინანსა Breakthrough Starshot-ი, რომელიც პატარა და ულტრასწრაფი კოსმოსური ხომალდის შექმნის გრძელვადიანი პროექტის საწყის ეტაპზეა. პროექტის მიზანია ხომალდი ჩვენს მეზობელ მზის სისტემაში, ალფა კენტავრში გაფრინდეს.

მილნერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი პროექტების მიზანს, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნებულ ტრაქტატში, Eureka Manifesto-შია ასახული, უფრო მკვეთრ ფოკუსში აქცევს. მისი თქმით, თუ ჩვენ დავადგენთ, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლე ნამდვილად არსებობს, აღმოჩენა ჩვენს ცივილიზაციას გააერთიანებს.

"ეს იქნება მთვარეზე პირველი ნაბიჯის ტოლფასი ჩვენი თაობისთვის. ერთ-ერთი იმ მომენტებიდან, რომლებიც თავს ერთად გვაგრძნობინებს",- ამბობს ის.

მილნერი დარწმუნებულია, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობა ცხადყოფს, რომ ჩვენი ამჟამინდელი განსხვავებები, რომლებიც ეროვნულ საზღვრებზეა დამყარებული, გასაქანს არ გვაძლევს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მილნერი ბევრად უფრო მზადაა ჰიპოთეზურ ინტერგალაქტიკურ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა მაკბრაიდი