
სოციალური მედიის ახალი აპლიკაცია, რომელიც კომუნიკაციის განსხვავებულ გზას, ცოდნის გაზიარებასა და ახალი მეგობრების გაჩენასაც კი გვთავაზობს, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს სტარტაპ Clubhouse-ის აპლიკაციაა.
პლატფორმა მომხმარებლებს ჩატის დროებით "ოთახებში" გაერთიანებას და სხვადასხვა დიალოგში ჩართვის საშუალებას აძლევს. საუბრის თემები განსხვავებულია - დაწყებული თავშესაქცევი საკითხებით, დასრულებული მნიშვნელოვან საკითხებზე დიდი დისკუსიებით, რომლებშიც ექსპერტები მონაწილეობენ და ათასობით მსმენელი ჰყავთ.
Clubhouse მარტში შეიქმნა და ნელ-ნელა კულტურულ ფენომენად ყალიბდება. ის იზიდავს პოლიტიკოსებს, სელებრითებსა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს.
Clubhouse-ის მთავარი ძალა არის ხმა. ტონი, ემოცია, რომელიც ხმაში იგრძნობა, უფრო აახლოებს ადამიანებს, ვიდრე ათობით დაწერილი პოსტი.
Clubhouse-ის პლატფორმას აპლიკაციიდან ფულის გამომუშავების საშუალებაც აქვს. მაგალითად, შესაძლებელია, დიდი პანელური დისკუსიების დროს დაწესდეს “ოთახში” დაშვების საფასური. ან, Amazon.com–ის Twitch-ის მსგავად, მას თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო კლუბების საუბრების ყოველთვიური გამოწერა.
ფულის შოვნის შესაძლებლობა ექნებათ საუკეთესო “ოთახის” “მასპინძლებსაც”. Clubhouse-ის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ისინი უახლოეს თვეებში დაიწყებენ პლატფორმის შემქმნელთა ხელფასის ანაზღაურებას "გადასახადების, ბილეთების ან გამოწერების" მეშვეობით.
რა თქმა უნდა, სხვა ქსელების მსგავსად, Clubhouse-იც ბევრი გამოწვევის წინაშეა, რომელთა შორის შინაარსის მართვის პოლიტიკაა. სექტემბერში ზოგი სპიკერის ანტისემიტური გამოსვლების გამო, ქსელი კრიტიკის ობიექტი გახდა.
Clubhouse-ს პოპულარობის მოპოვება ძლიერი კონკურენციის პირობებში უწევს. მათ შორის საგულისხმოა Twitter-ი, რომელიც ტესტავს აუდიო ჩატს, სახელწოდებით - Spaces. თუმცა, Clubhouse-ის სფეციფიკა სხვა ქსელებისგან განსხვავებულია. ის მომხმარებელს არაერთ ინოვაციას სთავაზობს.
მონაცემები ცხადყოფს, რამდენად სწრაფად იზრდება Clubhouse. თანადამფუძნებლის, პოლ დევისონის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში აპლიკაციის ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლების ბაზა გაორმაგდა და 2 მილიონამდე გაიზარდა.
Clubhouse-ზე წვდომა ჯერჯერობით შეზღუდულია. იმისათვის, რომ აპლიკაციის გამოყენება შეძლოთ, მოწვევა Clubhous-ის მოქმედმა წევრმა უნდა გამოგიგზავნოთ. ამასთან აუცილებელია, რომ Apple-ის მომხმარებელი იყოთ. ასე რომ, Clubhous-ის პოპულარობა ჯერ კიდევ წინაა და მის ხელმისაწვდომობასთან ერთად გაიზრდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაე კიმი