LIVE

რუსებმა Visa-ს და Mastercard-ის გამოყენების გზა იპოვეს

17 მარ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1325
რუსებმა Visa-ს და Mastercard-ის გამოყენების გზა იპოვეს

„რადიო თავისუფლების“ გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსებმა Visa-ს და Mastercard-ის გამოყენების ხერხს მიაგნეს. სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მოქალაქეები შვეიცარიულ ინტერნეტ ბანკ Dukascopy Bank-ში Visa-ს და Mastercard-ის ვირტუალურ ბარათებს ხსნიან.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ბანკის ვებ-გვერდზე მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა ხელმისაწვდომია ყველასათვის, გარდა ისეთი რეგიონების/ქვეყნების მაცხოვრებლებისა, როგორიცაა, მაგალითად, ოკუპირებული აფხაზეთი, ე.წ. "LPR/DPR", ვენესუელა, არაღიარებული დნესტრისპირეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი.

მულტისავალუტო ანგარიში, როგორც ეს მითითებულია ბანკის საიტზე იძლევა წვდომას Visa/Mastercard-ის როგორც პლასტიკურ, ასევე ვირტუალურ ბარათებზე. ასეთი ბარათებით კი შესაძლებელია გადახდა და მომსახურების მიღება იქ სადაც მიიღება Visa/Mastercard-ის ბარათები.

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტების მტკიცებით, შვეიცარიული ბანკის ქოლ-ცენტრში მათ კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს გახსნან ანგარიში ბანკში ბარათის მისაღებად, დადებითი პასუხი მიიღეს. თუმცა, განმარტეს, რომ შეიძლება სირთულეები შეექმნათ, თუ ანგარიშს რუსული ბაკებიდან, კერძოდ Sberbank-იდან, VTB-იდან და Rossiya Bank-იდან შეავსებენ.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, Dukascopy Bank-ის დამფუძნებლები ანდრე და ვერონიკა დუკა შვეიცარიაში მოსკოვიდან 1998 წელს ჩავიდნენ და ნატურალიზებული შვეიცარიელები გახდნენ.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უკრაინელმა ადვოკატმა არტემ აფიანმა საჩივარი შვეიცარიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელ ორგანოში უკვე შეიტანა. როგორც მის წერილშია აღნიშნული, არსებობს ეჭვები „Dukascopy Bank SA-ის მიერ შვეიცარიის კონფედერაციის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ასევე ფულის გათეთრებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესახებ“.

უკრაინაში შეჭრის გამო, 6 მარტს VISA-მ და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ მუშაობს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.