LIVE

სილუანოვი დასავლეთს: ვალის გადახდას დაბლოკილი ანგარიშებიდან გთავაზობთ

16 მარ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1806
სილუანოვი დასავლეთს: ვალის გადახდას დაბლოკილი ანგარიშებიდან გთავაზობთ

რუსეთი დასავლეთის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად იმ აქტივების გამოყენებას ითხოვს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გამო გაიყინა.

„რუსეთის, ანუ ჩვენი დავალიანების დაფარვა დასავლეთს მათ მიერვე დაბლოკილი ჩვენი ანგარიშებიდან შევთავაზეთ. ახლა ჯერი დასავლეთზეა“,- განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა RT Arabic-თან ინტერვიუში.

სილუანოვის განმარტებით, რუსეთის გაყინული აქტივები, როგორც რუბლში ასევე სხვა ვალუტაში საკმარისია, რომ ქვეყანამ ვალის გასტუმრება შეძლოს.

მისი თქმით, ტერმინი „დეფოლტი" გამოიყენება, როდესაც ეს თუ ის ქვეყანა კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებს. რუსეთის შემთხვევაში კი ეს ასე არაა.

„ფული გვაქვს, ახლა ბურთი, პირველ რიგში, ამერიკის ხელისუფლების მხარესაა“,- აცხადებს რუსეთის ფინანსთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ საუბარია დოლარში დენომინირებულ სუვერენულ ევროობლიგაციებზე. რუსეთმა $117 მილიონის გადახდის პროცესი დღეს უნდა დაიწყოს. მიმდინარე წლის დასაწყისისათვის რუსეთის საგარეო ვალი თითქმის $500 მილიარდად იყო შეფასებული. 

სანქციების გამო რუსეთის უცხოური რეზერვების ნახევარი, $300 მილიარდი გაყინულია. რუსეთის "გარდაუვალი" დეფოლტის რისკი გახდა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირების ერთ-ერთი წინაპირობა. რუსეთის დეფოლტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს IMF-იც.