LIVE

პესკოვის მტკიცებით, რუსეთი დეფოლტის წინაშე არ დგას

11 მარ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 994
პესკოვის მტკიცებით, რუსეთი დეფოლტის წინაშე არ დგას

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს დეფოლტის საშიშროება არ უდგას. მისი განმარტებით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა დაადასტურეს საჭირო რეზერვების არსებობა საგარეო ვალის რუბლით დასაფარად.

„ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ფინანსური უწყებების ხელმძღვანელების, ასევე ფინანსთა სამინისტროს მოხსენებები, რომ გვაქვს შესაძლებლობა საგარეო ვალი დავფაროთ რუბლით. შესაბამისად, როგორც ასეთი, დეფოლტის პირობები არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა თუ ასეთ პირობებს ხელოვნურად არ შეგვიქმნიან“,- განაცხადა პესკოვმა.

კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები გასტუმრების შესახებ განმარტება გუშინ რუსეთის ფინანსთა სამინისტროშიც გააკეთეს.

„რუსეთი დროულად და სრულად შეასრულებს ვალდებულებებს რუსეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისა და გამოსყიდვის შესახებ“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საპირისპიროდ, უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთის დეფოლტის გაზრდილ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, რომლებმაც რუსეთის საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვნად შეამცირეს. Fitch-მა მიმდინარე კვირაში რუსეთს რეიტინგი კიდევ შეუმცირა და "გარდაუვალ" დეფოლტზე მიუთითებსMorgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელისრუსეთის დეფოლტის გაზრდილ რისკზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ  მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხოელ კრედიტორებთან ანგარიშსწორება რუბლით დასაშვები გახადა.

მიმდინარე წლის დასაწყისისათვის რუსეთის საგარეო ვალი თითქმის $500 მილიარდად იყო შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ევრობონდებზე ვალდებულების გასტუმრება რუსეთს 16 მარტისთვის უწევს.