რუსეთის დეფოლტის გაზრდილ რისკზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს. სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის ღრმა რეცესიას პროგნოზირებს. განცხადება მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ გააკეთა.
“საქმე არ არის იმაში, რომ რუსეთს ფული არ აქვს. რუსეთი ვერ გამოიყენებს ამ ფულს”,- განაცხადა გეორგიევამ და დასძინა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები გაურთულებს ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო აქტივების - ნასესხობის სპეციალური უფლებების ვალუტად გადაქცევას.
გეორგიევას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები ძალზე შეშფოთებულნი არიან ომით, საბჭოში არ ყოფილა დისკუსია რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ. გარიცხვის საფუძველია ეკონომიკური ვალდებულებების დარღვევა და რუსეთი ამ ეტაპზე ვალდებულებებს ასრულებს.
როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოა, რომ სავალუტო ფონდი ომის გამო გლობალური ზრდის პროგნოზს შეამცირებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არაა ერთადერთი, რომელიც რუსეთის მიერ სავალო ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკზე საუბრობს. საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ სანქციების შედეგად ქვეყანა ღრმა რეცესიაში ჩავარდება.
Fitch-მა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ობლიგაციების დეფოლტი “გარდაუვალია”.
Morgan Stanley რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის ელის. აშშ-ის უმსხვილესი ბაკნის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის დოლარის და საერთაშორისო ბაზრის სხვა სახელმწიფო ვალების დაფარვის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირეს. JPMorgan-ის მიხედვით, პირველი სავარაუდო შეფერხების თარიღი 16 მარტია, როცა რუსეთს ობლიგაციების ორი კუპონის გადახდა აქვს დასასრულებელი. თუმცა, როგორც ქვეყნის სხვა ვალებს, მათაც აქვთ 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რაც ფორმალურ დეფოლტს 15 აპრილამდე გადასწევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ მარტინი