
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე არ გამორიცხავს, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი საქართველოს საბანკო სისტემაში ე.წ. შავი ხვრელების მოძიებას ეცდება.
„რუსეთი ეცდება აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი და არა მარტო, გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთგვარი შავი ხვრელები ნახოს ამ ქვეყნების საბანკო სისტემებში და გადარიცხვებში. არ არის გამორიცხული დაფუძნდეს ადგილობრივების საფარ ქვეშ კომპანიები, რომლებიც იმუშავებენ რუსულ ბაზარზე. თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლები ვიყოთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ყველა მეწარმემ და ხელისუფლებამ ეს საფრთხე უნდა გაითვალისწინოს“,- აღნიშნა ჭუმბურიძემ.
მისი განმარტებით, ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჭუმბურიძის თქმით, ყველა ის ქართული ბანკი რომელიც საეჭვო ტრანზაქციებში მიიღებს მონაწილეობას დაკარგავს რეპუტაციას და იქნება სანქცირებული. სანქციები კი შესაძლო ხელისუფლების შტოებზეც გავრცელდეს.
მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული საკითხი ინვესტორთა საბჭომ განიხილოს.
"ჩვენ, როგორც ინვესტორთა საბჭოს წევრი, შევდივართ ინიციატივით, რომ ეს საკითხი იყოს განხილული უახლოეს საბჭოზე. ვფიქრობ, მთავრობა ამას დათანხმდება, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჩართვა არ მოხდეს რუსეთის ტრანზაქციების, ასევე ვაჭრობის ჭრილში",- ამბობს ჭუმბურიძე.
ამასთან, ის აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნესმა დაიწოს მუშაობა ყველაზე არასანდო რუსული ბაზრის ჩანაცვლებაზე.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი. აუცილებელია, რომ ადგილობრივ კომპანიებს მივცეთ სტიმული, თუნდაც საგადასახადო, რომ ორიენტაცია ევროპულ და სხვა უფრო სანდრო და ალტერნატიულ ბაზრებზე აიღონ“,- განაცხადა ჭუმბურიძემ.
ცნობისთვის, რუსეთში ტრანზიტული გადარიცხვების რისკის გამო შვედური ბანკი საქართველოსთან ტრანზაქციებს აჩერებს. Handelsbanken-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთში ფინანსურ ტრანზაქციებს ზღუდავს.