LIVE

Volvo, Shell, BP - იზრდება კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ

01 მარ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1341
Volvo, Shell, BP - იზრდება კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საათობრივად იზრდება იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთში მომსახურებას ზღუდავენ ან ბაზრიდან გადიან. 

კომპანიების ნაწილი ასკვნის, რომ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება როგორც ფინანსებს, ასევე რეპუტაციას რისკის ქვეშ აყენებს.

Volvo Car-მა და Volvo-მ განაცხადეს, რომ შეაჩერებენ გაყიდვებს და წარმოებას რუსეთში.

General Motors-ი აჩერებს რუსეთში ავტომობილების მიწოდებას. ამის მიზეზად კომპანია მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისგან დამოუკიდებელ სხვა საკითხებს ასახელებს. GM აშშ-დან რუსეთში დაახლოებით 3000 ავტომობილის ექსპორტს ახორციელებს. 

Harley-Davidson-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან შეაჩერა ბიზნესი რუსეთში, რომელზეც დანარჩენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან ერთად, შარშან მოტოციკლების გაყიდვების 31% მოდიოდა. 

რუსეთის უმსხვილესმა უცხოურმა ინვესტორმა BP გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Rosneft-ში 19,75%-იან წილს იშორებს. სიახლემ შესაძლოა, $25 მილიარდის ჩამოწერა და გლობალური ნავთობისა და გაზის წარმოების მესამედით შემცირება გამოიწვიოს. 

მას მოჰყვა Shell-ი. ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია Gazprom-თან თანამშრომლობას წყვეტს. გადაწყვეტილება ეხება Sakhalin-II, თხევადი გაზის ქარხანას და Nord Stream 2-ის მილსადენის პროექტს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით $3 მილიარდია. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს.

რუსეთის ბაზარს ტოვებს ნორვეგიული ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანია Equinor-იც. კომპანიამ განაცხადა, რომ ის $1,2 მილიარდის ღირებულების ერთობლივი საწარმოებიდან გასვლას დაიწყებს.

Baker McKenzie ჯერჯერობით ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი იურიდიული ფირმებიდან, რომლებიც საჯაროდ აცხადებს, რომ სანქციების დაცვის მიზნით კავშირს გაწყვეტს რამდენიმე რუს კლიენტთან. ფირმის კლიენტებს შორისაა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო და VTB, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი, რომელიც დასავლეთის სანქციებით დაზარალდა. 

ქვეყანაში სანქციების ეფექტი უკვე იგრძნობა. გუშინ რუსეთის ეროვნული ვალუტა რუბლი 30%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან აკრძალა ტრანზაქციები, რის გამოც ბანკი უცხოური რეზერვების გამოყენებას ვეღარ ახერხებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბეიკერი