საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს.
„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება“,- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა, რაც გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს", თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე აღარ იძებნება.
ამასთან, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ განცხადებით, სანქციების მიუხედავად, არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება.