LIVE

VTB: არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება

25 თებ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 831
VTB: არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება

„ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ განცხადებით, სანქციების მიუხედავად, არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება.

„დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი“,- აცხადებენ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“.

საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, საქართველოში „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ მესამე ადგილს იკავებს. ბანკის ინფორმაციით, შესაძლებლობა აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფარონ კლიენტების ვალდებულებები.

„სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, როგორც ფინანსურად, ასევე იურიდიულად. ბანკს გააჩნია 410 მლნ ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან. შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, პირველი თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს, რომელიც თანხობრივად 565 მლნ ლარს შეადგენს“,- აცხადებენ „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“.

შეგახსენებთ, სებ-ის ინფორმაციით, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ მზად არის არსებულ ვითარებას თავი გაართვას. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, საფინანსო ინსტიტუტი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.