LIVE

ეროვნული ბანკი მზადაა, სანქცირებული „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ფინანსებით უზრუნველყოს

25 თებ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1466
ეროვნული ბანკი მზადაა, სანქცირებული „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ფინანსებით უზრუნველყოს

საქართველოს ეროვნული ბანკი „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის“ დაწესებული სანქციების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სებ-ის ინფორმაციით, ბანკი მზად არის არსებულ ვითარებას თავი გაართვას. როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, საფინანსო ინსტიტუტი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული.

„პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.