LIVE

საპენსიო ფონდის მომგებიანობა vs ინფლაცია - უფასურდება თუ არა დანაზოგები

14 თებ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1505

2021 წელს საპენსიო სააგენტოს მომგებიანობა ინფლაციაზე დაბალი იყო. კერძოდ, სააგენტოს წმინდა ამონაგები 9.5%-ს შეადგენდა, ინფლაციის დონე კი 13.9% იყო. თუმცა, როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, წლიურ ჭრილზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პერიოდის შეფასებაა.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო დანაზოგების შექმნიდან დღემდე - 3 წლიან პერიოდში თანხების რეალური ამონაგები 4.8%-ს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში ინფლაციის დონე 26.3%-ს შეადგენდა, ხოლო წმინდა ამონაგები 32.4% იყო.

გასულ წელს მაღალი ინფლაცია საპენსიო სააგენტოსთვის გარკვეულწილად შესაძლებლობად იქცა,- ამბობს სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე. კერძოდ, გასულ წელს მაღალი ინფლაციის გამო ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ლარის ანაბრებზე პროცენტის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. სააგენტოს დანაზოგების ნაწილი სწორედ მსგავს მაღალ სარგებლიან ანაბრებზე აქვს განთავსებული, მათი ვადიანობა კი უმეტესად 2 წლიანია. შესაბამისად, მიმდინარე წელს ინფლაციის დონის დაწევის პარალელურად სააგენტო ელის, რომ მომგებიანობა ქვეყანაში ფასების ზრდის დონეს გადააჭარბებს.

რაც შეეხება თანხების უცხოურ ვალუტაში ინვესტირებას - სააგენტო პროცესის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

საპენსიო სააგენტოში მიიჩნევენ რომ ამ ეტაპზე, მოგების გათვალისწინებით, ინფლაციას კარგად უმკლავდებიან, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის რომ საჭიროა ქვეყანაში ინფლაციაზე მიბმული ინსტრუმენტები გაჩნდეს - საუბარია ისეთ ინსტრუმენტებზე, რომლის სარგებლიანობის პროცენტი ინფლაციის პარალელურად გაიზრდება. თავად სააგენტო კი კერძო სექტორს მოუწოდებს და ახსენებს, რომ დაინტერესებული არიან ადგილობრივი კაპიტალის ბაზრითაც და საინვესტიციოდ განიხილავენ ქართული კომპანიების აქციებსა და ობლიგაციებს.  

საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2 მილიარდ ლარს აღემატება.