LIVE

საპენსიო დანაზოგი ₾2 მილიარდს აჭარბებს - ფასიან ქაღალდებში ინვესტირება არ დაწყებულა

27 იან 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1126
საპენსიო დანაზოგი ₾2 მილიარდს აჭარბებს - ფასიან ქაღალდებში ინვესტირება არ დაწყებულა

საპენსიო დანაზოგის ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საპენსიო სააგენტოში" განუცხადეს, პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება, იქამდე კი მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი კომერციულ ბანკებშია განთავსებული. 

„ჩვენ აქტიურად ვართ დაკავებული საპენსიო დანაზოგების ინვესტირებით ქართულ კომერციული ბანკების ინსტრუმენტებში. დღეის მდგომარეობით საპენსიო აქტივები არის 2.04 მილიარდი ლარი, საიდანაც დარიცხული საინვესტიციო სარგებელი არის 280 მილიონი ლარი. საპენსიო ფონდის გაშვების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე მომგებიანობა არის 32.1% (ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 24.8%). ბანკები დღესდღეობით გვთავაზობენ გაცილებით კარგ მომგებიანობას რისკების გათვალისწინებით ვიდრე ნებისმიერი სხვა ლარში დენომინირებული საინვესტიციო ინსტრუმენტი. ფასიან ქაღალდებში ინვესტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება“,- აცხადებენ "საპენსიო სააგენტოში".

აღსანიშნავია, რომ სააგენტო განიხილავს ასევე, ე.წ. ქოვარდ ბონდებში ინვესტირებას (სახელმწიფო ქონებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბონდები დააკმაყოფილებს საპენსიო ფონდის საინვესტიციო მოთხოვნებს, მაგალითად საკრედიტო რეიტინგის მიმართულებით.

"საპენსიო სააგენტოს" ინფორმაციით, 2021 წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე და 11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული. გასულ წელს 741 ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 1 559 077 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, გასულ წელს "საპენსიო სააგენტომ" და "საქართველოს ბანკმა" სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე აქვს საშუალება ინვესტირება განახორციელოს  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო დანაზოგების ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დაწყებულიყო.