LIVE

Bolt-ის 27 წლის მილიარდერი დამფუძნებელი ტექნოლოგიური სამყაროს კორიფეებს ებრძვის

18 თებ 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1285
Bolt-ის 27 წლის მილიარდერი დამფუძნებელი ტექნოლოგიური სამყაროს კორიფეებს ებრძვის
Bolt

რაიან ბრესლოუ, Bolt Financial-ის 27 წლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სილიკონის ველის ცნობილ კომპანიებს დაუპირისპირდა. მან გააკრიტიკა პოპულარული აქსელერატორი Y Combinator-ი, ყოფილ კონკურენტ Stripe-ს შეუტია და სილიკონის ველის სტარტაპ ინდუსტრიას "ბოსებით" სავსე "ბიჭების კლუბი" უწოდა. ტექნიკური ბაზრისთვის არასაიმედო დროს ახალგაზრდა ბიზნესმენისგან მსგავსი ქმედება ბომბის გასროლას ჰგავდა. 

Zoom-ის ბოლო ინტერვიუში, ბრესლოუმ ბოდიში არ მოიხადა. მეტიც, მან მიანიშნა მის უკან არსებულ ნახატზე, რომელიც ქარიშხლის საჰაერო ხედს ასახავდა და თქვა: „აი, სად ვმოქმედებ“. 

საფინანსო სტარტაპი Bolt Financial-ი გასულ თვეს ინვესტორებმა $11 მილიარდად შეაფასეს. 

Tweet-ში ატეხილი ქარიშხლიდან მალევე, ბრესლოუმ თქვა, რომ ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება, თუმცა მასთან დაახლოებული პირები ამტკიცებენ, რომ ამ ნაბიჯს მის ონლაინ ტირადასთან კავშირი არ აქვს. საკითხში გარკვეული ადამიანების თქმით, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს კონტროლს კომპანიაზე. ანონიმური წყაროების ცნობით, ბიზნესმენს აქვს 25%-იანი წილი, რომელიც დაახლოებით $2,75 მილიარდია. კომპანია აქციებზე კომენტარისგან თავს იკავებს. 

სტარტაპი ინვესტიციის მოზიდვას უჩვეულო ტემპით განაგრძობს. ასევე ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ მისი ღირებულება $14 მილიარდამდე იზრდება. 

თავად ბრესლოუ, რომელიც ზოგჯერ TikTok Shuffle-ზე ჩნდება და ჰალსტუხიანი პერანგით ცეკვავს, ახლა საჯაროდ ებრძვის ტექნოლოგიური სამყაროს კორიფეებს და ამავე დროს, მის წინაშე გაჩენილ კითხვებს. ამ ბრძოლის შედეგი გადაწყვეტს 600-კაციანი სტარტაპის ბედს ონლაინ გადახდების სასტიკად კონკურენტულ ბაზარზე. შესაძლოა, მან კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს ან დაეცეს და აფეთქდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლიზეტ ჩეპმენი, ქეთი რუფი და მეთიუ თაუნსენდი