LIVE

Bloomberg-ის პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა

04 თებ 202214:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 3319

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს, ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.9850 ლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივნისში იყო.

რატომ მყარდება ლარი?

ლარის კურსის სტაბილურობის მიზეზებთან დაკავშირებით სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ მათ შორის, 2020 წელთან შედარებით გაზრდილ ფულად ნაკადებს, ანუ ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენით მიღებულ შემოსავლებს, ასევე ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მნიშვნელოვნად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.

„ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ ლარის გამყარებას. იმპორტის ზრდის მიუხედავად, ექსპორტის დინამიკა მაინც დადებითი გავლენის მქონეა, უნდა აღინიშნოს ფულადი გზავნილების ზრდა, კიდევ ერთი ფაქტორია ტურიზმი. ამას ემატება ისიც, რომ გაცვლით კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ნაკლებადაა, საზოგადოება და ბიზნესები უფრო მეგად ნეგატიურად რეაგირებენ ინფლაციაზე, ამიტომ მოლოდინების ფაქტორიც ამ ეტაპზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს, რაც ლარის სტაბილურობას განაპირობებს. მომავალში ასე გაგრძელდება თუ არა, დამოკიდებული იქნება, როგორ შეიცვლება ძირითადი ფაქტორების დინამიკა და როგორ განვითარდება რეგიონში სიტუაცია“,- აღნიშნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა დავით კეშელავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

ეროვნულ ბანკში ლარის გამყარებას პოზიტიურ გარემოს, ასევე ფულადი შემოდინებების აღდგენას უკავშირებენ. ამასთან, როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოკლევადიან პერიოდში კურსის დინამიკის ახსნა შეუძლებელია.

მთავარი რისკ-ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეა. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, საქართველოს შესაძლოა $240 მილიონის ზარალი მიადგეს, ლარი კი 10%-ით გაუფასურდეს.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0179 ლარს შეადგენს.