
„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, საქართველოში გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინიდან, დაახლოებით, 30%-ით, ხოლო რუსეთიდან, დაახლოებით, 10%-ით შემცირდება.
ამასთან, ტურიზმის მხრივ გათვალისწინებულია, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და, შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.
„მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება“,- აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ განახლებულ ანგარიშში.
„თიბისი კაპიტალმა“ ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5%-ით შეაფასა.
„საკუთრივ, თუ 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი გრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, რადგანაც 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის „თიბისი კაპიტალის“ საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
„თიბისი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების სცენარისა და ასეთ შემთხვევაში თანმდევი ეკონომიკური ზეგავლენის რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია. ამის გათვალისწინებით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე.
„ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით 10%-იანი, ხოლო რუსეთი ეკონომიკის 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება გრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება“,- აღნიშნულია ანგარიშში.