LIVE

წელს აუცილებლად დავიწყებთ აქციების შეძენას - გოგა მელიქიძე

01 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
წელს აუცილებლად დავიწყებთ აქციების შეძენას - გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განცხადებით, სააგენტო აპირებს წელსვე განათავსოს უცხოურ ფასიან ქაღალდებში საპენსიო დანაზოგები. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოურ ფასიან ქაღალდებში აქტივების განთავსებაზე 20%-იანი ლიმიტი არსებობს, შესაბამისად, სააგენტოს მხრიდან კანონის ეს დათქმა დაცული იქნება. 

"კანონი საშუალებას გვაძლევს 20% ავითვისოთ უცხოურ ფასიან ქაღალდებში. ამ ლიმიტს აუცილებლად გამოვიყენებთ. გარკვეულ პერიოდში დავიწყებთ აქციებში გადასვლას ნელ-ნელა, ანუ ყიდვას ფასიანი ქაღალდების. წელს მოხდება ეს აუცილებლად. მიდგომა ასეთია, რომ არ დავიწყებთ კონკრეტული კომპანიების აქციების შეძენას, არამედ შევიძენთ ფონდს, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება გლობალურად. ანუ ჩვენი საინვესტიციო მიზანი იქნება ფონდები, რომლებიც გლობალურად ახდენენ სხვადასხვა აქციებში ინვესტირებას როგორც განვითარებად ასევე განვითარებულ ეკონომიკებში",- აცხადებს მელიქიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მელიქიძე ამბობს, რომ სააგენტო აკვირდება საქართველოში გამოშვებულ ობლიგაციებს და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დაინტერესდებიან მათი შეძენით. 

"თუ ემისია იქნება საინტერესო, მომგებიანი და რისკის მაჩვენებლები მისაღები იქნება, ბუნებრივია მათში ინვესტიციას განვახორციელებთ. ასე რომ წინასწარ თქმა რთულია. რაც შემიძლია ახლა ვთქვა არის ის, რომ ყველა ემისიას შევხედავთ რაც კი ბაზარზე იქნება არა მხოლოდ წელს, არამედ სამომავლოდაც",-ამბობს მელიქიძე. 

დღეს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული
დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ეძლევა საშუალება ინვესტირება განახორციელოს  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.