LIVE

"ხიდი": დანარჩენ კლუბებთან ერთად დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ

14 იან 202215:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1002
"ხიდი": დანარჩენ კლუბებთან ერთად დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ

კლუბებმა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ღამის კლუბები 14-15 იანვარს ბოლო ღონისძიებებს გამართავენ, შემდეგ კი დაიხურებიან.

როგორც კლუბ "ხიდის" განცხადებაშია ნათქვამია, გადაწყვეტილება საკლუბო ბიზნესმა ერთობლივად მიიღო.

"ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას. 22 თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზე შევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე.

ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად. ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება",- ნათქვამია "ხიდის" განცხადებაში.

საკლუბო ბიზნესი დახურვიდან გამომდინარე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ მუშაობას მარტიდან განაახლებს. 

"კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაურკვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ",- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სექტორის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის არათანმიმდევრული პოზიცია კლუბების მუშაობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ორ წლიანი აკრძალვის შემდეგ, ღამის კლუბებს ღონისძიებების გამართვის უფლება გასული წლის 31 დეკემბერს მიეცათ, მიმდინარე კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ კლუბები 14-15 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებებს ვერ გამართავდნენ.