LIVE

ღამის კლუბები ისევ დაიხურება

12 იან 202219:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
ღამის კლუბები ისევ დაიხურება

ღამის კლუბები 2 კვირით ისევ დაიხურება. ამის შესახებ საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აცნობეს.

სექტორის წარმომადგენლებს, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელძმღვანელი ილია დარჩიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე დღეს შეხვდნენ. მათ საკლუბო ბიზნესს საქმიანობის შეზღუდვის მიზეზად „ომიკრონის“ შტამის სწრაფად გავრცელება დაუსახელეს.

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი სოფო ებრალიძე „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ აკრძალვის მიუხედავად, 14 იანვარს დაგეგმილი საკლუბო ღამე მაინც გაიმართება.

„2 დღით ადრე გვეუბნებიან, რომ 14 იანვარს ვეღარ ვიმუშავებთ. ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. ხარჯი უკვე გაწეული გვაქვს, რომ 14-ში საკლუბო ღამე ჩავატაროთ. არტისტები მოწვეული გვყავს, მათი ფრენების თანხა გადახდილია და  ერთი უკვე ჩამოსულია საქართველოში. ამ ადამიანების მიმართ ვალდებულება გვაქვს, ისევე როგორც ვალდებულება გვაქვს ხალხთან, რომლებმაც ბილეთები იყიდეს და თანამშრომლებთან. შესაბამისად, 14 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას ვერ გავაუქმებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კვლავ მხოლოდ კლუბებს ზღუდავენ. ეს აბსურდია, რადგან კლუბებში სტუმრის შესვლა ყველაზე მკაცრად კონტროლდება“, - აღნიშნა სოფო ებრალიძემ. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლებს განუცხადეს, საქმიანობის გაგრძელებას თებერვლიდან შეძლებენ, თუმცა თავად სექტორს დაპირების არ სჯერა.  

შეგახსენებთ, ორ წლიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება გასული წლის 31 დეკემბერს მიეცათ.