LIVE

2022 წელს დაგეგმილი ცვლილებები და რეგულაციები

31 დეკ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1620
2022 წელს დაგეგმილი ცვლილებები და რეგულაციები

2022 წელს საქართველოში არაერთი ცვლილება თუ რეგულაციაა დაგეგმილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება, სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციები მკაცრდება და ბიზნესის ნაწილს ახალი ვალდებულებები ეკისრება. 

მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. შესაბამისად, პირველი იანვრიდან, მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში მიიღებს.

ამასთან, სრულდება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება და მოქალაქეებს უკვე მოუწევთ 3.5 თეთრით გაზრდილი ტარიფის სრულად გადახდა.

ახალი რეგულაცია ავტომობილებისთვის 

2022 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის შემადგენლობის ახალი სტანდარტი ამოქმედდა. თუ აქამდე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენდა, პირველი იანვრის შემდეგ 0.5% და 0.3% (იზომება ძრავის დაბალი და მაღალი ბრუნისთვის) გახდება. ავტომობილები, რომლებიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ ტექინსპექტირების დროს, დახარვეზდებიან.  

კიდევ ერთი ცვლილება კატალიზატორის ქონის ვალდებულებას შეეხება. კატალიზატორი სავალდებულოა ავტომობილებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია 2020 წლის პირველი აპრილის შემდეგ გაიარეს. იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში კი, რომლებიც მოქალაქეებმა პირველ აპრილამდე დაარეგისტრირეს, კატალიზატორი სავალდებულო არ არის, თუმცა ამ ავტომობილებმა უნდა დააკმაყოფილონ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობაზე არსებული ნორმები.  

რეგულაციები სათამაშო ბიზნესისთვის 

პირველი იანვრიდან ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც, სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით იზრდება. კანონის გარკვეული მუხლები პირველი მარტიდან შევა ძალაში. კერძოდ, მარტიდან, 25 წლამდე ასაკის 1 მილიონამდე მოქალაქეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალება. ამავე პერიოდიდან, შეიზღუდება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. სექტორისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, საბაგირო) ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში, მოქალაქეებს 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარის გადახდა მოუწევთ, რის შემდეგ, გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებითი თანხის გადახდა საჭირო აღარ იქნება. 

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში 

რეალურ პირობებში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება. ცვლილება პირველ ეტაპზე „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს შეეხება, ხოლო 2022 წლის შემოდგომიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება ყველა კატეგორიისთვის გახდება სავალდებულო.  

GMP სტანდარტზე გადასვლა

ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ, GMP სტანდარტზე გადასვლა 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე გაუხანგრძლივა, რომელ თვეშიც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. იმ კომპანიებმა, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ, ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. 

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

პირველი ივლისიდან, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფარგლებში, საავტომობილო ზეთის, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. მათ უნდა გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ იღებენ ვალდებულებას მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენები შეაგროვონ და რეციკლირება მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან.