LIVE

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება

16 ნოე 202116:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 3616

2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება.

პარლამენტმა 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს

• სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში;
• მოპედების რეგისტრაციას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

მისივე თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახალი გამოცდის დამატებამდე, პირველ რიგში, ავტოსკოლების რეგისტრაცია და მათთვის ლიცენზიის მინიჭება უნდა მომხდარიყო.

"არ ვიცით ავტოსკოლებში რა ხდება, მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგი სავალდებულო არაა, არსებული მანიპულაციები, რითაც ავტოსკოლები მომავალ მძღოლებს ასწავლიან, არ არის აღმოფხვრილი, რაც დიდ რისკებს ქმნის. სისტემა მთლიანად უნდა გადაიხედოს და რეფორმირდეს. ახალი გამოცდის დამატება, ნამდვილად კარგია, მაგრამ ეს არის ნაწილი მთელი ჯაჭვისა და ცალკე აღებული დიდ შედეგს ვერ მოიტანს",- აცხადებს "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი.