LIVE

ღარიბაშვილი პარლამენტს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

22 დეკ 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 937
ღარიბაშვილი პარლამენტს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სათამაშო ბიზნესის რეგულაციების დაჩქარებული განხილვისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება. ამასთან, 1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ მედიამენეჯერებიც. საქართველოს ონლაინ სათამაშო ბიზნესში წამყვანი ოპერატორების “კრისტალბეთისა" და "ევროპაბეთის” მფლობელი კომპანიების, Entain-ისა და Betsson-ის შეფასებით კი, ცვლილებები უარგუმენტო და დრაკონულია.