LIVE

ISET: ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა

24 დეკ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
ISET: ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა

ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მცირედით გაუმჯობესდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიხედვით, ინდექსმა 31 ქულა შეადგინა და ოქტომბერთან შედარებით 1.5 პუნქტით გაიზარდა. 

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, გაუმჯობესება ძირითადად ე.წ. დაგუბებული მოთხოვნითაა განპირობებული - რეგულაციების შემსუბუქების ფონზე მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ. თუმცა კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ისიც, რომ განწყობაზე ნეგატიურ გავლენას ეპიდვითარება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაცია ახდენს.

როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელენე სეთურიძე აღნიშნავს, ნოემბერში ინდექსის გაუმჯობესებული მაჩვენებლების განზოგადება არარელევანტურია, რადგან წინა თვეებში განწყობა გაუარესებული იყო. ამასთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის ფონზე, სავარაუდოდ, პოზიტიური შეფასება მომდევნო თვეებში კვლავ ნეგატიურით შეიცვლება. 

"პანდემიის პერიოდში მომხმარებლებს ძირითადად სახლიდან მუშაობა უწევდათ. შესაბამისად, მოხდა გარკვეული დანაზოგების მობილიზება, რომელიც შემდგომ პერიოდში დაიხარჯა. რაც შეეხება მოლოდინების გაუმჯობესებას, ნოემბრის მაჩვენებლები შედარებულია ოქტომბერთან, როცა მძიმე ეპიდსიტუაცია იყო. შესაბამისად აღნიშნულს ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით რომ დღესაც დადებითი მოლოდინებია",- აღნიშნავს ელენე სეთურიძე. 

კვლევის თანახმად, თითქმის 84%-თვის გაუარესებულია ქვეყნის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა. მომხმარებელთა 87%-თვის ბოლო 12 თვეში გაზრდილია ფასებიც და ამ მხრივ არც მოლოდინებია პოზიტიური. ხოლო კითხვაზე, მზად არიან თუ არა მომდევნო 12 თვეში დანაზოგები გააკეთონ - დადებითი პასუხი მხოლოდ 6%-ს აქვს.