LIVE

გუმბარიძე: პოლიტიკური დავალებაა, კრიტიკულ მედიებში ნაკლები თანხა შევიდეს

15 დეკ 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1289

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის შეფასებით, აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის რეალური მიზანი კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის შემოსავლების შემცირებაა.

გუმბარიძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახება და ტელევიზიების შემოსავლებს შეამცირებს.  

„აზარტული თამაშების ინდუსტრიას სარეკლამო შემოსავლებში საკმაოდ დიდი წილი, დაახლოებით 30% ეჭირა, დღეს კი ამ ბაზრის პრაქტიკულად გაუქმება ხდება. რჩება მხოლოდ სპორტის მიმართულება, სპორტული კონტენტი კი მხოლოდ ორ არხს და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. თუკი ამ რეგულაციის მიზანია, რომ მოსახლეობა აზარტული თამაშებისგან დაიცვან, მაშინ რეკლამის აკრძალვა სწორედ სპორტის მიმართულებით უნდა ხდებოდეს, რადგან მსგავსი არხების მაყურებლები უფრო არიან სათამაშო ბიზნესის პოტენციური მომხმარებლები. კანონპროექტის ინიციატორებს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს არ აქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამ რეგულაციებს სარეკლამო ბაზარზე, ასევე რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს შეზღუდვები. ცხადია, რომ ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებში ნაკლები თანხები შევიდეს“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ზუკა გუმბარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებთან ერთად აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპარლამენტო განხილვებზე კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ რეგულაცია სარეკლამო შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.