LIVE

უარგუმენტო, დრაკონული - Entain და Betsson აზარტული თამაშების შესახებ კანონზე

17 დეკ 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1386
უარგუმენტო, დრაკონული - Entain და Betsson აზარტული თამაშების შესახებ კანონზე

საქართველოს ონლაინ სათამაშო ბიზნესში წამყვანი ოპერატორების “კრისტალბეთისა" და "ევროპაბეთის” მფლობელი კომპანიები, Entain-ი და Betsson-ი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხმაურებიან და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სიტუაციის შეფასებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიიღოს დაბალანსებული რეგულაციები.

ამასთან, კომპანიები დაგეგმილ ცვლილებებს უარგუმენტოს უწოდებენ და შავი ბაზრის განვითარების რისკზე მიუთითებენ.

"მთავრობის მიერ გამოცხადებულმა პოლიტიკის უეცარმა, დრაკონულმა ცვლილებებმა, რომლებიც სუსტ მტკიცებულებებს ემყარება ან საერთოდ უარგუმენტოა, შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციებზე.

Entain-ი და Betsson-ი მაღალი რეპუტაციის მქონე, საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიებია, რომლებმაც საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ქვეყანაში 1700-ზე მეტი ადამიანი დაასაქმეს.

ინდუსტრია იხდის მნიშვნელოვანი ოდენობის გადასახადს (საგადასახადო განაკვეთი 30%-ით მაღალია სხვა სექტორებთან შედარებით) და მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს საქართველოს სპორტული ლიგებისა და მედია კომპანიებისთვის სპონსორობასა და რეკლამაში.

უფრო მეტიც, მთავრობის განცხადებებში არასწორად არის ნათქვამი, რომ ქართული ლიცენზირებული კომპანიები არასრულწლოვან მოთამაშეებს აზარტული თამაშების უფლებას აძლევენ, მიუხედავად მკაცრი KYC და ასაკობრივი შემოწმების პროცესისა.

ის ასევე ქმნის არასწორ წარმოდგენას კაპიტალის გადინების შესახებ, რაც არ არის ზუსტი, რადგან ეს კომპანიები პირდაპირ ქმნიან სამუშაო ადგილებს, იხდიან გადასახადებს და შენატანი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში.

შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკის შემოთავაზებული ცვლილებები არის დარღვევა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ინვესტიციებისთვის სამართლიანი და თანაბარი პირობების შექმნას.

მოთამაშის დაცვისა და ნარკომანიის პრევენციის საკითხი ძალიან სერიოზულად არის აღქმული; კომპანიები ასობით მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებენ კვლევისა და განათლების მხარდასაჭერად, მოთამაშეთა დაცვის დახვეწილი სისტემების შემუშავებაში (მაგ. ARC). ამ მიმართულებით საქართველოში უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები (მაგ. გარე რეკლამის ნებაყოფლობითი აკრძალვა). 

მძიმე რეგულაციები და კომპანიებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარჯები ასაზრდოებს მხოლოდ შავ ბაზარს, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა აზარტულ თამაშებზე არალიცენზირებულ კომპანიებთან, რომლებიც მოთამაშეებს  სთავაზობენ მცირე ან არანაირ დაცვას და არ შეაქვთ წვლილი საქართველოს ეკონომიკაში. წარმოდგენილი გაქვთ საქართველოში შავი ბაზრის მასშტაბები?

მოვუწოდებთ მთავრობას, შეაფასოს სიტუაცია, გაერკვეს ინდუსტრიაში, მოიძიოს მკაფიო მტკიცებულებები და შემდეგ განავითაროს პროპორციული და დაბალანსებული რეგულაცია ინდუსტრიასთან თანამშრომლობით",- აღნიშნულია განცხადებაში. 

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ მედიამენეჯერებიც

ცნობისთვის, დღეს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით, 82 ხმით დაუჭირეს მხარი.

ცვლილებების თანახმად, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება. ამასთან, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით იზრდება და 25 წლამდე მოქალაქეებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აკრძალვების ამოქმედება 1 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა ამ თარიღმა 1 მარტამდე გადაიწია