LIVE

სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

14 დეკ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1065
სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს, ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაციის განმარტებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს.

"აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში - სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“,- აღნიშნულია „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების დამტკიცებას, რომლის თანახმადაც, აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება, მიმდინარე კვირაში აპირებს. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება. ამასთან, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით იზრდება და 25 წლამდე მოქალაქეებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.