
Amazon.com-მა ჩინეთის მთავრობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პრეზიდენტ სი ძინპინის წიგნზე კრიტიკული კომენტარები გათიშა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ Amazon.cn-მა პრეზიდენტის წიგნზე სახელწოდებით „ჩინეთის მმართველობა“ კომენტარები და მიმოხილვები დაახლოებით ორი წლის წინ, პეკინის განკარგულების საპასუხოდ გამორთო. სის წიგნის მიმოხილვები დაბლოკილია Amazon-ის მხოლოდ ჩინურ ვებსაიტზე.
ამ გადაწყვეტილებით ელექტრონული კომერციის გიგანტი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში ბიზნესის შენარჩუნებას შეეცადა.
Reuters-ის მიერ მოყვანილი დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლისთვის კომპანია ჩინელი დამკვირვებლებისგან გარკვეული შინაარსის (ძირითადად, პოლიტიკურად მგრძნობიარე) წაშლის შესახებ შესახებ შეტყობინებებს ხშირად იღებდა.
Amazon-ის სპიკერმა Bloomberg News-ს განუცხადა, რომ კომპანია იღებს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, სადაც ოპერირებს და ამ მხრივ, ჩინეთი გამონაკლისი არ არის.
ანალიტიკოსებს ეს შემთხვევა ახსენებს Apple-ისა და ჩინეთის ურთიერთობას, რადგან მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში კომპანია სულ უფრო მეტად ემორჩილება პეკინს.
2019 წელს Apple-მა დააკმაყოფილა მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ ჩინეთის მთავრობის მოთხოვნების 97%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2014 წლის 65%-ს.
ჩინეთის ბაზარი გასულ წელს არაერთმა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის, Yahoo! და Microsoft-ის LinkedIn-მა დატოვეს. ამის მიზეზად მათ ქვეყანაში არსებული მძიმე ბიზნეს და სამართლებრივი გარემოს დაასახელეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი