LIVE

ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე „ენკას“ გადაწყვეტილება ძალაშია - თვალაბეიშვილი

13 დეკ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1221
ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე „ენკას“ გადაწყვეტილება ძალაშია - თვალაბეიშვილი

კომპანია "ენკას", რომელსაც "ნამახვანჰესი" უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე. 

„ნამახვანზე ბევრს და ახალ ვერაფერს გეტყვით. „ენკას“ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე დღემდე ძალაშია და ამ მიმართულებით, ჯერ არაფერი შეცვლილა. წავა თუ არა საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში, არც ეს ვიცით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ. 

რაც შეეხება "ნენსკრა ჰესის" პროექტს, როგორც თვალაბეიშვილი აცხადებს, დეველოპერს, კორეულ K-Water-ს, გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც გაჭიანურდა.

„კორეულ კომპანიასთან ერთად ვაზუსტებთ ვადებს, თუ როდის დაიწყება მშენებლობა და როდის დასრულდება პროექტი. როცა შევთანხმდებით, დეველოპერი გააგრძელებს მუშაობას. დიდი ალბათობით, შეთანხმება მომავალი წლისათვის იქნება მიღწეული და მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავა“,- აცხადებს თვალაბეიშვილი.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია "ენკამ" საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებას შეწყვიტა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.