LIVE

თურნავა: ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს

30 ნოე 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1616
თურნავა: ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ქვეყანას ევროპული ლიდერების რანგში გაიყვანს. 

„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10.5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში“,- განაცხადა მინისტრმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი ტემპით იზრდება.

„საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია. აღნიშნულ მაჩვენებლებს უნიკალური და უპრეცედენტო უწოდა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მოსახლეობას მაღალი ზრდა მიულოცა. საქართველოს მთავრობა წელს ქვეყნის ეკონომიკის 10%-იან ზრდას ელის.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, უკვე მეოთხე თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. ამასთან, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობა 630 000-ს აჭარბებს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოსახლეობის წილი 2015 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 19.5%-მდე გაიზარდა.