
რუსული Gazprom PJSC-ის წმინდა შემოსავალი მესამე კვარტალში ყველა დროის მაქსიმუმზეა. კომპანიის შემოსავლების ზრდა ევროპის გაღრმავებულ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება, რაც საყოფაცხოვრებო გაზის ფასებს რეკორდულ მაჩვენებლებამდე ზრდის.
Gazprom-ის წმინდა მოგება $7.8 მილიარდამდე გაიზარდა და საშუალო შეფასებას გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალი კი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა და 2.37 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
მსოფლიოს უმსხვილესი გაზის მწარმოებელი ფასების ისტორიული მატებით სარგებლობს. ევროპაში, მის უდიდეს საექსპორტო ბაზარზე, მიწოდების შეფერხება კვლავ გაუარესდა. რუსული გაზის მიწოდება კონტინენტზე შეზღუდულია, რადგან ის პრიორიტეტს შიდა მარაგების შევსებას ანიჭებს. ამან თხევადი ტვირთისთვის აზიასთან გაზრდილი კონკურენცია გამოიწვია მაშინ, როცა ევროპის მარაგები ზამთარს მრავალწლიან მინიმუმზე ხვდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დინა ხრანიკოვა და ოლგა ტანასი