გერმანიის ახალი მთავრობა რეკრეაციული მიზნებისთვის მოზარდებზე კანაფის გაყიდვას დაუშვებს. გადაწყვეტილება კოალიციურ შეთანხმებაში ჩაიდო.
სოციალ-დემოკრატების (SPD), მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების (FDP) მთავრობის პირობებში, კანაფის გაყიდვა მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებში დაიშვება. ნაბიჯი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ცვლილებას ქვეყანაში, სადაც კანაფი მხოლოდ შეზღუდული სამედიცინო გამოყენებისთვის არის დაშვებული.
FDP ყურადღებას ამახვილებდა იმ სარგებელზე, რაც ლეგალიზაციამ შეიძლება გერმანიას მოუტანოს, მათ შორის მთავრობის დამატებით შემოსავლებზე. დუსელდორფის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კანაფის ლეგალიზებამ შესაძლოა 4.7 მილიარდ ევროზე მეტი დამატებითი წლიური შემოსავალი მოუტანოს გერმანიის ბიუჯეტს.
მწვანეებმა მიზნად დაისახეს “კანაფის შავი ბაზრის განადგურება და ორგანიზებული დანაშაულის დონის შემცირება”. უფრო ფრთხილი იყო SPD, რომელიც მოითხოვდა პროექტებს ზრდასრულთა განაწილების რეგულირებისთვის, რათა მთავრობამ ლეგალიზაციის გავლენის შეფასება შეძლოს.
კანაფის ლეგალიზების წინააღმდეგ გამოდიოდნენ გერმანიის პოლიციის პროფკავშირები.
კოალიციის გეგმა ითვალისწინებს კანონის გადახედვას ოთხი წლის შემდეგ და ზიანის შემცირების ღონისძიებების გაფართოებას. ამასთან, მთავრობა გაამკაცრებს კანაფის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მარკეტინგის და რეკლამის წესებს.