LIVE

კანცეროგენების აღმოჩენის გამო P&G-ი Old Spice-ს მაღაზიებიდან უკან იბრუნებს

24 ნოე 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1803
კანცეროგენების აღმოჩენის გამო P&G-ი Old Spice-ს მაღაზიებიდან უკან იბრუნებს

Procter & Gamble შეერთებულ შტატებში Old Spice-ისა და Secret-ის ანტიპერსპირანტების გარკვეული პარტიების ამოღებას აპირებს. პროდუქტებში კანცეროგენული ბენზოლი აღმოაჩინეს.

გადაწყვეტილება ეხება აეროზოლებს, რომლებსაც მოხმარების ვადა 2023 წლის სექტემბერში ეწურებათ. კომპანია ასევე უკან დაიბრუნებს Old Spice Below Deck-ის აეროზოლებს.

გადაწყვეტილება მოჰყვა დამოუკიდებელი კვლევის ლაბორატორიის, Valisure-ის კვლევას, რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში ანტიპერსპირანტებში ბენზოლი აღმოაჩინა. Valisure-მა 30 ბრენდის ანტიპერსპირანტი და დეოდორანტის 108 პარტია შეისწავლა, მათ შორის Old Spice, Secret და სხვა. აქედან 59 პარტიაში ბენზოლი აღმოაჩინეს.

Valisure-ს კვლევამ ასევე აიძულა Johnson & Johnson-ი მიმდინარე წლის დასაწყისში ამოეღო Neutrogena-სა და Aveeno-ს მზისგან დამცავი აეროზოლური პროდუქტების ხუთი ხაზის ყველა პარტია მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ნიმუშში ბენზოლი აღმოჩნდა.

აეროზოლების გარდა, Valisure-ს კვლევამ დამაბინძურებლები ხელის სადეზინფექციო საშუალებებშიც აღმოაჩინა, რომელთა უმეტესობა ბაზარზე Covid-19 პანდემიის დაწყებისას გამოჩნდა.

ბენზოლის ზემოქმედება ლეიკემიის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა ედნი