LIVE

ზამთრის ბოლოს ალბათ ყველა აცრილი, გამოჯანმრთელებული ან გარდაცვლილი იქნება - შპანი

23 ნოე 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
ზამთრის ბოლოს ალბათ ყველა აცრილი, გამოჯანმრთელებული ან გარდაცვლილი იქნება - შპანი
AFP

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მორიგი ლოკდაუნის ან სხვა ზომების ამოქმედების საჭიროება დადგეს. 

"ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ გირჩევთ რაიმეს გამორიცხვას, რაც უნდა მკაცრ ზომებზე იყოს საუბარი",- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა დღეს Deutschlandfunk რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბოლო კვირებში გერმანია სასტიკ ეპიდემიას ებრძვის. როგორც ჩანს, დაავადების სწრაფი გავრცელება ოფიციალური პირების გაოცებას იწვევს.  

დღევანდელი მონაცემებით 100 000 ადამიანზე 400 ინფიცირების შემთხვევა მოდის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი ორჯერ აღემატება გაზაფხულის პიკზე არსებულ მაჩვენებელს.

შპანის თქმით, ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ბავარია და საქსონია, სადაც ვითარება „ძალიან დრამატულია“, უკვე საჭიროა უფრო მკაცრი შეზღუდვების გავრცელება საავადმყოფოებისთვის მუშაობის შესამსუბუქებლად. 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ განაცხადა, რომ დღევანდელი ვითარება ყველაზე უარესია აქამდე არსებულს შორის, რის გამოც, საჭიროა, რეგულაციების გამკაცრება.

გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა დისკუსია სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

ბავარიის პრემიერმა, მარკუს სოდერმა და მისმა კოლეგამ ბადენ-ვიურტემბერგში, ვინფრიდ კრეჩმანმა, დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი საგაზეთო სტატია, რომელშიც საუბარია, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა არსებული კრიზისიდან ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გამოსავალია.

”ალბათ, ამ ზამთრის ბოლოს, როგორც ზოგჯერ ცინიკურად ამბობენ, გერმანიაში თითქმის ყველა იქნება ვაქცინირებული, გამოჯანმრთელებული ან გარდაცვლილი",- თქვა შპანმა გუშინ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 68% არის COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად აცრილი. ეს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იენ როჯერსი