LIVE

ლირა რეკორდულად უფასურდება - როგორ აისახება ლარის კურსზე

22 ნოე 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2071

თურქული ლირა კვლავ რეკორდულად უფასურდება და ერთი დოლარის ღირებულებამ 11 ლირას გადააჭარბა.

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ეროვნული ვალუტა დამატებით მას შემდეგ გაუფასურდა, რაც ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ, 15%-მდე შეამცირა.

თურქეთში მიმდინარე სავალუტო კრიზისს ჯერჯერობით ლარის კურსზე გავლენა არ ქონია. თუმცა ეკონომისტების ნაწილში უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შესაძლოა ლარის კურსზეც აისახოს.

„ჩვენი გათვლებით, თურქეთში მიმდინარე პროცესებს ლარზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა. თუმცა ახლა მეზობელ ქვეყანაში სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა და გაჩნდა გარკვეული მოლოდინი, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა, ლარზეც იქონიოს ნეგატიური გავლენა. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ განაკვეთების ზრდის გამო გლობალურად დოლარი მყარდება. ეს კი კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც შესაძლოა ლარი მცირედით გაუფასურდეს“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ „თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ლირა წელს მთლიანობაში 20%-ზე მეტადაა გაუფასურებული. ამ ფონზე ჯერჯერობით ლარი კვლავ სტაბილურობას ინარჩუნებს და ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 11 თეთრს შეადგენს.