LIVE

ჩინური და ინდური ვაქცინებით აცრილი პირები ბრიტანეთში შესვლას შეძლებენ

22 ნოე 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
ჩინური და ინდური ვაქცინებით აცრილი პირები ბრიტანეთში შესვლას შეძლებენ
Andre Malerba/Bloomberg

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური და ინდური ვაქცინებით აცრილ პირებს ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს.

ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტების განცხადებით, ჩინური Sinovac Biotech-ის, Sinopharm-ისა და ინდური Bharat Biotech International-ის ვაქცინებით აცრილი ადამიანები ქვეყანაში მოგზაურობას შეძლებენ. 

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დიდი ბრიტანეთი “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ აღიარებული შვიდივე კოვიდ-ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის გაიხსნა. მათ შორისაა, ინდური Covaxin-ი, რომელმაც გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე თვეში მიიღო. 

ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეების დაშვების შემდეგ, ათი ათასობით ჩინელი სტუდენტი კვლავ შეძლებს ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებას. ბრიტანეთში უცხოელი სტუდენტების უმრავლესობას ჩინელები შეადგენენ. მათ ოჯახებს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა შეაქვთ. 

ბრიტანულმა უნივერსიტეტებმა წელს ჩინელი მოქალაქეებისგან რეკორდულად ბევრი განაცხადი მიიღეს. მიმდინარე წელს გაერთიანებული სამეფოს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლების მისაღებად 4500-ზე მეტმა ჩინელმა სტუდენტმა მიმართა. 

Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები ყველაზე ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, სადაც 1,4 მილიარდი მოსახლეობის 80%-ზე მეტი სწორედ ამ პრეპარატებით აიცრა.

პირებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, დიდ ბრიტანეთში შესვლისთვის კოვიდ ტესტების ჩატარება და 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოეთხოვებათ.

ბრიტანეთამდე ავსტრალიამ ასევე გააფართოვა ვაქცინების სია ქვეყანაში შემსვლელი პირებისთვის. აშშ აცხადებს, რომ აპირებს ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებს საზღვრები მიმდინარე თვეში გაუხსნას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია