LIVE

დავითაშვილი: ორ-სამ წელში 200 ათასამდე ადამიანს დავასაქმებთ

22 ნოე 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1111
დავითაშვილი: ორ-სამ წელში 200 ათასამდე ადამიანს დავასაქმებთ

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით უახლოეს 2-3 წელში მთავრობა 200 000-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს, რაც ახალი სოციალური პროგრამის მეშვეობით მოხდება.

„იმ ადამიანებიდან, რომლებიც სოციალური პროგრამებით სარგებლობენ შრომისუნარიანი დაახლოებით 200-250 ათასია. მათი უმრავლესობა შიშობს, რომ თუ მუშაობას დაიწყებენ, სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ჩვენი პროგრამა მიმართული იქნება იქით, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს. საბოლოოდ უნდა მივიღოთ 200 ათასიანი არმია ადამიანების, რომლებიც ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. მათი დიდი ნაწილის დასაქმება უკვე 2022 წლისთვის უნდა შევძლოთ“,- განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, ახალი სოციალური პროგრამა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და დეტალები წლის ბოლოსათვის გახდება ცნობილი.

მინისტრი მოქალაქეების დასაქმების ერთ-ერთ მიმართულებად სოფლის მეურნეობას ასახელებს.

„ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც, რაც გულისხმობს ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ., ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ და შემდგომში, მათი შემოსავალი, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გამოყენების შედეგად, უნდა გაიზარდოს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სოციალურ შემწეობას 633 ათასზე მეტი ადამიანი და 171 ათასი ოჯახი იღებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არსებული სოციალური პოლიტიკის ცვლილება დღეს დააანონსა.