Covid-19-ის მორიგ ტალღასთან ერთად, კიდევ ერთი კვლევა გვახსენებს, რომ მარტივი ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხელის დაბანა, ხელს უწყობს დაავადების თავიდან აცილებას.
ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული რვა კვლევის მიმოხილვის თანახმად, პირბადის ტარება ანახევრებს Covid-ით დაინფიცირების რისკს, ასევეა ხელის დაბანაც. ფიზიკური დისტანცია კი რისკს მეოთხედით ამცირებს.
დასკვნები მოჰყვა მტკიცებულებას, რომ მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა, რადგან ტემპერატურა იკლებს და ხალხი იკრიბება შენობებში. ეს აიძულებს ქვეყნებს, მათ შორის ავსტრიასა და ნიდერლანდებს, შემოიღონ ახალი შეზღუდვები.
“სავარაუდოა, რომ Covid-19-ის პანდემიის შემდგომი კონტროლი დამოკიდებულია არა მხოლოდ ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელსა და მის ეფექტურობაზე, არამედ ასევე ეფექტური და მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მუდმივ დაცვაზე”,- წერენ ავტორები ნაშრომში.
მეცნიერები აფასებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს და განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ შეაფასონ სხვა ზომები, როგორიცაა კარანტინი, იზოლაცია და სკოლების დახურვა, რადგან კვლევები ძალიან ფრაგმენტული იყო. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დასკვნები შეზღუდულია სანდო და შესადარებელი მონაცემების ნაკლებობით.
“პანდემიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური რეაგირების ცენტრალიზებულობის, მათ ირგვლივ არსებული გაურკვევლობის, წინააღმდეგობების, ვაქცინებისა და მედიკამენტების შემუშავების უზარმაზარი კვლევითი ძალისხმევის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებში ინვესტიციის ნაკლებობა დამაბნეველია”,- წერს ბონდის უნივერსიტეტის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პოლ გლაზიუ ბრიტანეთისა და ნორვეგიის მეცნიერებთან ერთად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მართა ფურკადი