LIVE

2030 წლისთვის ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად $600 მლნ დაგვიჯდება - აბრამიშვილი

18 ნოე 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1288
2030 წლისთვის ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად $600 მლნ დაგვიჯდება - აბრამიშვილი

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მომავალ წლებში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება მნიშვნელოვნად გაეზრდება.

ასოციაციის გათვლებით, მზარდი მოხმარების პარალელურად, 2030 წლისთვის საქართველოს ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტი 600 მლნ დოლარი დაუჯდება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, არსებობს რისკი, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, საქართველოს ელექტროენერგია გაუძვირონ.

„ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, გენერაციის ობიექტების გამომუშავება ვერ ეწევა, რადგან ბოლო პერიოდში ფაქტობრივად არცერთი მსხვილი ენერგოობიექტი არ შესულა ექსპლუატაციაში. ამ ფონზე, ჩვენ სულ უფრო მეტი ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდება. ჩვენი გათვლებით, 2030 წლისთვის 600 მლნ დოლარის ღირებულების იმპორტი მოგვიწევს ყოველწლიურად. ასევე არსებობს რისკი, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა საქართველოს ელექტროენერგია გაუძვირონ. ეს რისკი უშუალოდ რუსეთიდანაც არსებობს, რადგან ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ევროპაში ენერგოკრიზისთან დაკავშირებით და არ ვართ დაზღვეულები, რომ მომავალში რუსეთი არ გაგვიორმაგებს ან არ გაგვისამმაგებს ელექტროენერგიის ფასს“,- განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 64%-ით გაიზარდაელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა. ჯამში, წელს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი $37 მილიონზე მეტი დაუჯდა.