მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 64%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა.
იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სულ 1 მლრდ 724 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც დაახლოებით 61%, ანუ 1 მლრდ კვტ.სთ რუსეთზე მოდიოდა. ჯამში, წელს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი $37 მილიონზე მეტი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გაზრდილი იმპორტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 923 მლნ კვტ.სთ სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთზე მოდის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საქართველომ იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან 505.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ხოლო თურქეთიდან - 161.2 მლნ კვტ.სთ.
გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც. კერძოდ, საქართველოს მოხმარებამ იანვარ-ოქტომბერში 12 მლრდ 300 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
10 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 10 მლრდ 266 მლნ.კვტ.სთ შეადგინა. აქედან უდიდესი წილი (8 მლრდ. 747.9 მლნ.კვტ.სთ) ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. თბოსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 1 მილიარდ 446.0 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.