LIVE

პუტინი ამობილიზებს ჯარს, რათა NATO უკრაინისგან დისტანცირდეს

13 ნოე 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
პუტინი ამობილიზებს ჯარს, რათა NATO უკრაინისგან დისტანცირდეს
Mikhail Metzel/AFP/Getty Images

ვლადიმერ პუტინს აქვს გზავნილი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის: მოსკოვი არ მოითმენს მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გაფართოებას უკრაინაში.

ეს ვლადიმერ პუტინმა ღიად განუცხადა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებთანაც ბოლო დღეებში სატელეფონო საუბარი ჰქონდა. დასავლეთის ლიდერების შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზება იწვევს და აჩენს შიშს, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2014 წლის სამხედრო ინტერვენციის განმეორებას გეგმავს.

მოსკოვში მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ კრემლს სურს ნათლად აჩვენოს, რომ დასავლეთის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი უკრაინაში იარაღის მიწოდების ან სამხედრო ობიექტების გაფართოებისკენ, გადალახავს რუსეთის წითელ ხაზს.

“შეიძლება უკრაინა არ გახდეს NATO-ს ოფიციალური წევრი, მაგრამ სამხედრო გაფართოება ამ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს და ეს ნამდვილად საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას”, - განაცხადა პუტინმა გასულ თვეში.

რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული ადამიანების აზრით, ეს ნაბიჯები ასახავს მოსკოვის ღრმა რწმენას, რომ შიდა დაპირისპირება, შეერთებული შტატების მოწყვეტილი ძალაუფლება და ანგელა მერკელის მმართველობის დასრულება, ზღუდავს დასავლეთის კოორდინირებული წინააღმდეგობის პოტენციალს.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი არ აპირებს ახლა უკრაინასთან საომარი მოქმედებების დაწყებას, მაგრამ სურს აჩვენოს, რომ მზადაა გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში. პუტინისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების პერსპექტივა უკრაინის ტერიტორიაზე კოშმარული სცენარია, რომლის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს. შეერთებული შტატების ბოლოდროინდელმა რიტორიკამ და უკრაინის მიერ თურქული წარმოების დრონის გამოყენებამ, კრემლში განგაშის გრძნობა გააძლიერა.

“რუსეთი განახორციელებს ზეწოლას იქ, სადაც შეუძლია. კრემლი შეშფოთებულია NATO-ს ქმედებებით უკრაინაში. ეს არის პრევენციული ღონისძიება”, - ამბობს ანდრეი კორტუნოვი, კრემლის მიერ შექმნილი რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელი.

შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები ახალი სამხედრო ოპერაციის საფრთხის შესახებ, თუმცა ჯარების რაოდენობა, როგორც ჩანს, გაზაფხულზე განლაგებულ ოდენობაზე ნაკლებია. აშშ-ის უახლესი შეფასება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს. თუმცა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ არის დარწმუნებული, რომ შეჭრა გარდაუვალი საფრთხეა და მოსკოვის მთავარ მიზანს დაშინებაში ხედავს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს უარყო ცნობები დაგეგმილი ინტერვენციის შესახებ, აშშ-ის შეშფოთებას “დაძაბულობის გამწვავების უსაფუძვლო მცდელობა” უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჯარების გადაადგილება შიდა საკითხია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია ჯარების მობილიზებით. “რუსეთის ზრახვებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს. რუსეთისთვის სერიოზული შეცდომა იქნება იმის გამეორება, რაც გააკეთა 2014 წელს”, - განაცხადა ბლინკენმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა რუს კოლეგებს პარიზში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განუცხადეს, რომ უკრაინაზე ნებისმიერ ახალ თავდასხმას “სერიოზული შედეგები” მოჰყვება.

19 ოქტომბერს კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ “არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დადოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს”. გასული თვის ბოლოს უკრაინამ პირველად გამოიყენა NATO-ს წევრი თურქეთის წარმოებული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ჰაუბიცაზე თავდასხმის საპასუხოდ.

მიმდინარე კვირაში რუსი ოფიციალური პირები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შავ ზღვაში დასავლური სამხედრო გემებისა და მის საზღვრებთან სადაზვერვო თვითმფრინავების ოპერაციების გააქტიურებაზე.

“ორივე მხრიდან სამხედრო ესკალაციაა. რუსეთი სიგნალს აძლევს, რომ რაც არ უნდა გააძლიეროს უკრაინამ სამხედრო შესაძლებლობები, ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას”, - ამბობს კრემლის მრჩეველი, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი, ფიოდორ ლუკიანოვი.

თავდაცვის სადაზვერვო კომპანიის, Janes-ის ცნობით, გაზაფხულზე განვითარებული პროცესებისგან განსხვავებით, ახლა რუსული ჯარების განლაგება ფარულია, ხშირად ხდება ღამით და ხორციელდება ელიტური სახმელეთო ნაწილების მიერ. რუსეთი აგრძელებს ტანკების, თვითმავალი არტილერიის, ქვეითი საბრძოლო მანქანების და ჯარების გადაადგილებას უკრაინის მახლობლად მდებარე რაიონებში.

მიუხედავად ამისა, რუსეთისთვის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის რისკი უზარმაზარი იქნება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ახალ ეკონომიკურ სანქციებს და ხანგრძლივ სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში.

“ამ დროისთვის, რუსეთი შეიძლება იყოს კმაყოფილი, რომ უკვე მიიპყრო ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღება. რუსეთმა გადაანაწილა ძალები ისე, რომ შეძლოს სწრაფი სამხედრო მოქმედება”, - ამბობს  ვლადიმერ ფროლოვო, ყოფილი დიპლომატი და საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰენრი მაიერი და ილია არქიპოვი