
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო წვრთნების შემდეგ ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა საზღვართან, რაც, კიევის შეფასებით, მოსკოვის მცდელობის ნაწილია, მოახდინოს ზეწოლა მეზობელზე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროების რაოდენობა საზღვართან და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში, ახლა 90 000-ს შეადგენს.
“აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია პერიოდულად მიმართავდა სამხედრო ნაწილების გადაყვანისა და მობილიზების პრაქტიკას, რათა შეენარჩუნებინა დაძაბულობა რეგიონში და მოეხდინა პოლიტიკური ზეწოლა მეზობელ ქვეყნებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “რუსეთი განალაგებს ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის“.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქვეყნის დასავლეთში რუსული ჯარების მასიურმა მობილიზებამ უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია და გააძლიერა შიში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შესახებ. მოგვიანებით მოსკოვმა ჯარი ბაზებზე დააბრუნა.
კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ განსაკუთრებულად დაიძაბა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და ომი დაიწყო უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. სამხედრო მოქმედებებს 13200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.