LIVE

აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ აფრთხილებს

12 ნოე 202111:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 990
აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ აფრთხილებს
Kremlin via Reuters

შეერთებული შტატები ევროკავშირის მოკავშირეებს რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო ინტერვენციის შესახებ აფრთხილებს, რადგან მოსკოვსა და ბლოკს შორის დაძაბულობა მიგრანტებისა და ენერგომომარაგების გამო კრიტიკულ ზღვარზეა.

ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზებას. შეერთებული შტატების ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით არის გამყარებული.

თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს სამხედრო ძალების მობილიზების საკითხზე, უკრაინას პარტნიორად მიიჩნევს და გმობს რუსეთის მხრიდან ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ჯარების განლაგება შიდა საქმეა და უარყოფს ყოველგვარ აგრესიულ განზრახვას, ხოლო შეერთებულ შტატებს შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნით პროვოკაციაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბები მუდმივ კონტაქტში არიან, ამერიკული საზღვაო ხომალდების ყოფნა შავ ზღვაში, რუსეთის მახლობლად, ვლადიმერ პუტინისთვის “აბსოლუტური” შეშფოთების საგანია, ამბობს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

უკრაინის მიმართულებით რუსული ჯარებისა და ტანკების უახლესი გადაადგილების გამო CIA-ს დირექტორი, ბილ ბერნსი მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასევე სთხოვა პუტინს, გამოიყენოს გავლენა რუსეთის მოკავშირე ბელარუსზე, რათა განიმუხტოს კრიზისი ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მიგრანტთან დაკავშირებით, რომლებიც პოლონეთის საზღვრის გადაკვეთით ევროკავშირში გადასვლას ცდილობენ. პუტინმა მერკელს განუცხადა, რომ ეს საკითხი ეხება ბელარუსს და არა მის ქვეყანას. 

ევროკავშირი სასაზღვრო კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს. საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპას ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი კრიზისში საკუთარ როლს უარყოფს. “რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე”,- განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის შეშფოთება რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით დაფუძნებულია არსებულ მტკიცებულებებსა და ტენდენციებზე, რომლებიც ეხმიანება 2014 წელს პუტინის მიერ უკრაინიდან ყირიმის ანექსიას.

აპრილში პუტინმა გააფრთხილა მეტოქე ქვეყნები, რომ “ისინი უფრო მეტად ინანებენ, ვიდრე რამეს ნანობენ დიდი ხნის განმავლობაში”, თუ გადალახავენ რუსეთის უსაფრთხოების წითელ ხაზს. კრემლისთვის წითელ ხაზს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების NATO-ში ინტეგრაცია წარმოადგენს, რისთვისაც უკრაინა და საქართველო მრავალი წელია იბრძვიან.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე-სპიკერმა, პეტრ ტოლსტოიმ ოქტომბერში რუსული NTV-ის ეთერში დებატების დროს განაცხადა, რომ “მთელი უკრაინა იქნება რუსეთის ნაწილი და არ იქნება უკრაინა”.

“რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩვენზე არ მოქმედებს, ჩვენს დაზვერვას აქვს ყველა ინფორმაცია, ჩვენი არმია მზადაა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას უპასუხოს”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, ჯენიფერ ჯეიკობსი და ნიკ უადამსი