LIVE

მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

22 ოქტ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 701
მოლდოვამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მოლდოვის ენერგეტიკის სექტორში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. მთავრობამ ვერ შეძლო ახალი ენერგეტიკული შეთანხმების მიღწევა რუსულ Gazprom-თან.

“კრიტიკულ სიტუაციაში ვართ”,- განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ პარლამენტის წევრებს 22 ოქტომბრის კენჭისყრის წინ და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება ქვეყანას “საშუალებას მისცემს, შეიძინოს ბუნებრივი აირის საჭირო რაოდენობა ალტერნატიული წყაროებიდან”.

საგანგებო მდგომარეობა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება და ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნის მთავრობას საშუალებას მისცემს, გამარტივებული სქემით შეიძინოს გაზი დამატებითი სახსრებით, მსოფლიო ენერგეტიკული ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე.

მოლდოვას Gazprom-თან კონტრაქტი გასული თვის ბოლოს ამოეწურა. Gazprom-მა კონტრაქტი ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა, რითაც ფასი კუბურ მეტრზე გასული თვის $550-დან $790-მდე გაზარდა.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მოსკოვმა ფასები პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვების საპასუხოდ გაზარდა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეზობელ რუმინეთსა და უკრაინას გაზის მიწოდებისთვის და განაცხადა, რომ დამატებით მოცულობებს ქვეყანა ევროკავშირიდან მოიძიებს.

2,6 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც მოქცეულია ევროკავშირის წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის, წელიწადში 2,8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.

გაზის კრიზისი მოლდოვაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაზის ფასი ბოლო კვირების განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაიზარდა.