Pfizer-BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოზარდებში სიმპტომატური კოვიდით ინფიცირების რისკს 90%-ით ამცირებს. ასეთია ისრაელის კლალიტის კვლევითი ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიგნება.
კვლევის უფროსი ავტორი და კლალიტის ჯანდაცვის სამსახურის ინოვაციების მთავარი ოფიცერი, რანი ბალიცერი ამბობს, რომ მათი მიგნება თინეიჯერების ვაქცინაციის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
"რეალურ პირობებში შეგროვებული ეს მონაცემები ძალიან საჭირო მტკიცებულებაა, რაც დაეხმარება მშობლებს მოზარდი შვილების ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში”,- ამბობს მეცნიერი.
მკვლევრებმა 12-18 წლის 95,000-მდე ვაქცინირებული მოზარდის მონაცემი გაანალიზეს და მათ მსგავსი მონაცემების არავაქცინირებულ მოზარდებს შეადარეს. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად ეფექტურია Pfizer-ის ვაქცინა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.
მკვლევრების გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სრულად აცრილი მოზარდებისათვის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდა მეორე დოზის მიღებიდან 7-21 დღის შემდეგ.
უფრო ადრე ვაქცინის მწარმოებლის მიერ აშშ-ში ჩატარებული მცირე კვლევა, სადაც 12-15 წლის 2,260 მოზარდის მონაცემი გაანალიზდა, აჩვენებს, რომ ვაქცინა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტური იყო.
ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია კი მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გვენ აკერმანი