თბილისს დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ 38 ავტობუსი მოემსახურება

20 ოქტ 202111:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
თბილისს დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ 38 ავტობუსი მოემსახურება

23 ოქტომბრიდან დედაქალაქში დამატებით, 54 ახალი მიკროავტობუსი და „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი 38 ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა იგეგმება.

„ეს არის ევროპული ტიპის, თავისი გაგრილება-გათბობის სისტემით აღჭურვილი ტრანსპორტი. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ წლის ბოლომდე, არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღის განმავლობაში, მუნიციპალურ ტრანსპორტს, დაახლოებით, 40 000 მგზავრი გადაჰყავს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან გვეყოლება ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომავალ წელს ვაპირებთ, 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. დედაქალაქს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი სჭირდება, რომლებიც კონკრეტულ ხაზებზე იმოძრავებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი მარშრუტების სქემას, 23 და 28 ოქტომბერს, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტები - N319 და N330. ასევე, N32 მარშრუტზე მოძრავი MAN-ის მარკის ოთხი ერთეული ავტობუსი ჩანაცვლდება BMC-ის მარკის ხუთი ერთეული ავტობუსით, ხოლო N54 მარშრუტს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაემატება სამი, ხოლო N15 მარშრუტს დაემატება MAN-ის მარკის ერთი ავტობუსი.

გარდა ამისა, N403 მარშრუტს დაემატება სამი ერთეული მიკროავტობუსი, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასევე, ამოქმედდება მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები: N415, N430, N434, N438, N449, N450, N478, N481, N484, N485, N487.