Facebook-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელზე აქტივისტები და ჟურნალისტები "უნებლიე" საჯარო პირებად მიიჩნევიან, რაც ნიშნავს, რომ შევიწროებისა და ბულინგისგან მათ დასაცავად წესები იცვლება.
კომპანია, რომელიც კერძო პირებთან შედარებით, საჯარო პირებზე უფრო მეტ კრიტიკულ კომენტარებს უშვებს, ჟურნალისტებისა და "უფლებადამცველების" მიმართ მიდგომას ცვლის. კომპანია მიიჩნევს, რომ ისინი საჯარო პირებისგან განსხვავებით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მათი მუშაობის გამო ხვდებიან.
მაგალითად, ქსელის მომხმარებლებს რომელიმე ძალიან ცნობილი ადამიანის მისამართით შეუძლიათ თქვან, რომ უნდა მოკვდეს, ისე, რომ არ მონიშნონ ეს ადამიანი, მაგრამ იმავეს დაწერა არ შეუძლიათ კერძო ადამიანის მისამართით. ამ ადამიანების რიცხვს ახლა ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.
კომპანია უარს ამბობს გაასაჯაროოს იმ ჟურნალისტების და უფლებადამცველების სია, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხებათ, თუმცა აღნიშნავს, რომ შემთხვევები ინდივიდუალურად ფასდება.
კომპანია ასევე აფართოებს თავდასხმის ცნებას, რათა უკეთ დაიცვას ქალები, ფერადკანიანები და ლგბტქ საზოგადოება არაპროპორციულად ხშირი შეტევებისგან.
Facebook-ი ასევე კრძალავს ფოტოშოპით მიღებულ დამამცირებელ სექსუალიზებულ გამოსახულებებს ან ნახატებს, ასევე, ადამიანის გარეგნობის გამო პირდაპირ შეტევას, მათ შორის, ამ ტიპის შინაარს საჯარო პირის გვერდის კომენტარებში.
უმსხვილესი სოციალური ქსელი ამჟამად გლობალურად კანონმდებლებისა და მარეგულირებლების მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტროლის ქვეშაა. მიმდინარე დისკუსიებზე განიხილება პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის პრაქტიკა და ზიანი, რომელიც მომხმარებლებს ამ შინაარსის გამო ადგებათ.
გასულ კვირას Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა სენატის წინაშე ჩვენება მისცა და სოციალური მედიის გიგანტი ამხილა. მისი მტკიცებით, Facebook-მა კარგად იცის სოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკები, რაც მის პლატფორმებს ახლავს და სურს კანონმდებლებმა იფიქრონ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია.
განხილვის საგანია ისიც, თუ როგორ ეპყრობა Facebook-ი, რომელსაც ყოველთვიურად დაახლოებით 2.8 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, საჯარო პირებს და კონტენტს, რომელსაც ისინი აქვეყნებენ ან მათ შესახებ ქვეყნდება.
ბოლო კვირების განმავლობაში, ყურადღების ცენტრშია პლატფორმის "ჯვარედინი შემოწმების" სისტემა, რომლის შესახებაც Wall Street Journal-ი წერდა, რომ ზოგიერთ გავლენიან მომხმარებელს წესებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.