LIVE

Blue Origin-ის მეორე ეკიპაჟური მისიით უილიამ შატნერი კოსმოსში დღეს გაფრინდება

13 ოქტ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 594
Blue Origin-ის მეორე ეკიპაჟური მისიით უილიამ შატნერი კოსმოსში დღეს გაფრინდება
Blue Origin

უილიამ შატნერი, რომელიც Star Trek-ში კაპიტანი კირკის როლს ასრულებს, Blue Origin-ის New Shepard-ის რაკეტით კოსმოსში დღეს გაფრინდება.

New Shepard-ის სარაკეტო კაფსულის გაშვება ტეხასის ქალაქ ვან ჰორნთან ახლოს, ადგილობრივი დროით დილის 09:00-ზე დაიწყება.

შატნერთან ერთად მისიაში კიდევ სამი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას: Blue Origin-ის მისიებისა და ფრენის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ოდრი პაუერსი, ფრანგული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Dassault Systèmes-ის სიცოცხლის მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ვიცე-თავმჯდომარე გლენ დე ვრისი და კრის ბოშუიზენი, დედამიწაზე დაკვირვების კომპანია Planet-ის თანადამფუძნებელი.

ფრენა დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. New Shepard-ის კაფსულა თავის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს და "კარამანის ხაზს" გადაკვეთს, რომელიც კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარია.

დღევანდელი მისია Blue Origin-ის პირველი ეკიპაჟური მისიიდან 12 კვირის შემდეგ განხორციელდება. მისიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 90 წლის შატნერი ახალ რეკორდს დაამყარებს, როგორც ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვინც კოსმოსში გაფრინდა. რეკორდი ამჟამად უოლი ფანკს ეკუთვნის, რომელმაც კოსმოსში Blue Origin-ის პირველი მისიით იმოგზაურა.