საჯარო მოხელეების ხელფასი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე იქნება დამოკიდებული.
„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, რა მოდელით მოხდება ხელფასების მატება საჯარო სექტორში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კერძო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე იქნება დამოკიდებული.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ სანამ წესი არ შემუშავდება, თუმცა მთავარია, რომ უნდა იყოს დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან. ასეთ მოდელზე იქნება მუშაობა, რომ თუ გაიზრდება კერძო სექტორში ხელფასები, მაგ შემთხვევაში საჯაროშიც გაიზრდება.
ოპტიმიზაციის რესურსი არის, თუმცა ეს ერთ დღეში ვერ გაკეთდება. კადრების ოპტიმიზაცია ხელფასების ზრდის პარალელურად უნდა იყოს“,- განაცხად გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასის ზრდის წესის შემუშავების ვადა 2022 წლის 1-ლი ივლისია.
საქსტატის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 191 ლარია. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2%-ით, ხოლო კერძო სექტორში 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა.