სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4%-ით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191 ლარი შეადგინა.
საქსტატის თანახმად, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3%-ით).
2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 9.6%, კაცებში - 3.4% შეადგინა. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2020 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 260.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2%-ით, ხოლო კერძო სექტორში 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა.
2020 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 5.3%-ით გაიზარდა და 1 222.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 102.4 ლარი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.1%-ით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (1 913 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 18.9%-ით) დარგებში ფიქსირდება.