LIVE

სირიაზე ახალი შეტევის საფრთხის გამო ლირა რეკორდულად უფასურდება

12 ოქტ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
სირიაზე ახალი შეტევის საფრთხის გამო ლირა რეკორდულად უფასურდება
Moe Zoyari/Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეზობელ სირიაზე შესაძლო სამხედრო შეტევის შესახებ განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც თურქულმა ლირამ რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე მიაღწია.

თურქეთის ეროვნული ვალუტა 0,4%-ით გაუფასურდა და $9,0398 შეადგინა მას შემდეგ, რაც ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აღმოფხვრას სირიიდან მომდინარე საფრთხეები.

მიუხედავად იმისა, რომ ანკარა წლების განმავლობაში კონფლიქტში იყო ჩართული, ეს ნაბიჯი ქმნის დაძაბულობის საფრთხეს შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარს უჭერს ქურთ ბოევიკებს. 

“როგორც ჩანს, ბაზრის მოთამაშეები კომენტარებს ტრანსსასაზღვრო ოპერაციად აღიქვამენ”,- აცხადებს Iktisatbank-ის სახაზინო დეპარტამენტის ჯგუფის მენეჯერი.

ზარალი კიდევ უფრო გაამძაფრა დოლარის სიმყარემ და გლობალურმა რისკებმა. გასულ თვეში მონეტარული პოლიტიკის მოულოდნელმა შერბილებამ შეამცირა თურქული აქტივების მიმზიდველობა და გააღვივა შეშფოთება, რომ ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება.

ლირა დოლართან მიმართებაში 6%-ზე მეტით შესუსტდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა ყურადღება ძირითადი ფასების ვიწრო ჯგუფზე გაამახვილა, რამაც გამოიწვია სპეკულაცია მონეტარული პოლიტიკის მეტად შერბილებასთან დაკავშირებით.

“შეიძლება ვიყოთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების კიდევ ერთი მანკიერი ციკლის დაწყების მომსწრენი”,- განაცხადა პიოტრ მატისმა, ლონდონის InTouch Capital-ის უფროსმა სავალუტო ანალიტიკოსმა. "ლირის მკვეთრმა გაუფასურებამ შეიძლება აიძულოს ცენტრალური ბანკი გაზარდოს განაკვეთები ვალუტის სტაბილიზაციისთვის”,- თქვა მან.

თავის მხრივ, ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ინფლაციის უკანასკნელი ნახტომი გარდამავალია. ცენტრალური ბანკის მმართველმა, საჰაპ კავჩიოღლუმ განუცხადა ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს, რომ თურქეთის მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ მტკიცეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტუგჩე ოზსოი